“ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს.”
“ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა. ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა. იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ. ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა. ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა. ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება და მოიხედავსო. ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა. არც მოუხედავს, არც დაუყვირია.”
“ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა. იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები! გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა. და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა. “კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები. მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ. მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს. იგის ბევრი სახე უყურებდა. მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო. დანარჩენებიც მიჰყვნენ.”
“დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? – რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისთვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა. ესწავლებინა თავის თავის მოვლა-პატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე,მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ......ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: „ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა“?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს…გიკვირთ? მე არ მიკვირს.”
“მეგობარი" რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.”
“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”
“როცა ყველაფერს ნათლად გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ რუსეთის ისტორიულ-ეროვნული მისია სხვაა და საქართვეოსი სხვა.რუსეთი მიისწრაფვის გახდეს მსოფლიოს იდეოლოგიური, კულტურული, პოლიტიკური და სამხედრო მეთაური, საქართველო კი ეროვნულ გადარჩენასა და არსებობის შენარჩუნებაზე ონებობს.მიზნისა და ამოცანის ეს ძირეული განსხვავება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბედს უმზადებს რუსეთსა და საქართველოს. სხვადასხვა დავალებას აძლევს მოაზროვნე რუსს და მოაზროვნე ქართველს.”