“წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი დროის ათი მცნება1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი”

მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი - “წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი...” 1

Similar quotes

“ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more

“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…”

ოთარ ჭილაძე
Read more

“ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა. ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა. იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ. ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა. ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა. ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება და მოიხედავსო. ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა. არც მოუხედავს, არც დაუყვირია.”

ჯემალ ქარჩხაძე
Read more

“რამ შეგაშინა ეგრე რიგად ძმობილო, რას მაშინებ რომ მაშინებ? შენი არც მეშინია და არცა მჯერა! ეს სენი შავი ჭირივით გადამდებია, ისედაც მრავლად არიან საკუთარი აჩრდილით დაშინებულები, სხვებიც დაწერენ, გაიმეორებენ, აჰყვებიან ერთმანეთს, აგლოვდებიან და ცოცხალ ერს საქვეყნო პანაშვიდს აგვიგებენ.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more

“ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!”

სოლომონ დოდაშვილი
Read more