“ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.”
“წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი დროის ათი მცნება1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი”
“დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენიარა.”
“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.”
“რამ შეგაშინა ეგრე რიგად ძმობილო, რას მაშინებ რომ მაშინებ? შენი არც მეშინია და არცა მჯერა! ეს სენი შავი ჭირივით გადამდებია, ისედაც მრავლად არიან საკუთარი აჩრდილით დაშინებულები, სხვებიც დაწერენ, გაიმეორებენ, აჰყვებიან ერთმანეთს, აგლოვდებიან და ცოცხალ ერს საქვეყნო პანაშვიდს აგვიგებენ.”
“დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს;ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ;ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენ-მა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის.საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.”
“ერთი მითხარი, ქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით? - არა, წარმართები ვართ. - მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით? - თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს. წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი. - ხალხი მაინც ინათლება და ჯვარს იწერს. - მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ. ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.”