“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”
“დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? – რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისთვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა. ესწავლებინა თავის თავის მოვლა-პატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე,მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ......ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: „ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა“?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს…გიკვირთ? მე არ მიკვირს.”
“არა, ისინი თავიანთ თავს "ინტელიგენციას" ეძახიან. ეხლა თქვენ იფიქრეთ, თქვენ ივარაუდეთ რა აზრს შეიმუშავებს ამგვარი ინტელიგენცია თავის ქვეყნის შესახებ? რა გზას აირჩევს სავალად? იმათ ვერ მოვთხოვთ ვერაფერს პროგრამას მოქმედებისას, გარკვეულს შეთანხმებულს ჩვენის ცხოვრების საჭიროებასთან, ვერ მოვთხოვთ იმათ აგრეთვე აზრს, იდეას მართლა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოს და გამოსადგეს.”
“მეგობარი" რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.”
“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…”
“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”
“ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”