“ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…”

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე - “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის...” 1

Similar quotes

“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”

ვაჟა-ფშაველა
Read more

“მეგობარი" რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი დროის ათი მცნება1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more

“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”

ჭაბუა ამირეჯიბი
Read more

“რუსეთთან მშვიდობა ჩვენ არასოდეს გვექნება! თუ წინათ რუსეთის მიმართ ზიზღი გვქონდა, ახლა სიძულვილი გაჩნდა. ეს ძალზე სერიოზულია. თქვენ შეგიძლიათ ისე იცხოვროთ რუსებთან, როგორც გსურთ, თუ გინდათ, ხვევნა-კოცნა გამართეთ და ილაპარაკეთ, რომ ნატო - საშიშია, რუსეთი კი უსაფრთხო. მაგრამ წარსულში დაბრუნება არ მოხდება! მოთმინების და ზიზღის ორასი წელი დასრულდა!... მიუხედავად ყველა უმსგავსობისა, რაც თან მოჰყვა აღვირახსნილი რუსული ჯარის შემოსვლას, - გამოირკვა, რომ ისინი უბრალოდ მაროდიორები და მოძალადეები არიან.”

Otar Iosseliani
Read more