“დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? – რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისთვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა. ესწავლებინა თავის თავის მოვლა-პატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე,მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ......ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: „ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა“?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს…გიკვირთ? მე არ მიკვირს.”