“თქვენ კი ამბობთ, ვიღუპებითო. რაღა დროსია?! კარგახნის დაღუპულები ვართ უკვე. დიდხანს ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე, ჰაერშივე შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით აღარ გაგვჭირვებია არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება - მივმდგარ-მოვმდგარიყავით, გაგვეხედ-გამოგვეხედა, გავმძვრალ-გამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წეს-ჩვეულებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაგვარად ცხოვრება აღარც შეგვიძლია. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა. მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვიცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც.ცოდნა გაწვალებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად”